წვენების ადრეული ისტორია ლიმონათის თანამედროვე ვერსიის შესაძლო დაბადების ადგილად მიუთითებს მე-16 საუკუნის იტალიას. ისევე როგორც ბევრი სასმელი, რომელსაც დღეს ვსვამთ, ლიმონათი არის ძალიან კარგი არჩევანი გასაგრილებლად, რომელიც წლების განმავლობაში რჩება პოპულარულ, უნივერსალურ (მოიხმარება დამოუკიდებლად ან სხვადასხვა ნარევებში) და ხელმისაწვდომ სასმელად. ლიმონის წვენი ასევე პოპულარული უალკოჰოლო არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს და ეძებს ლიმონის მჟავე გემოს და ლიმონმჟავას მაღალი კონცენტრაციით, რომლის დატკბობა შეიძლება შაქრით, სიროფით ან თაფლით. ბოლო 100 წლის განმავლობაში წვენების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ინოვაციები მოხდა. 1760-იან წლებში გაზირების ტექნიკის გამოგონებიდან, რომლებშიც გამოიყენებოდა ცარცი და მჟავა, გამაგრილებელი სასმელებისა და პასტერიზაციის პროცესების გაჩენამდე, წვენის კონცენტრატების (მათ შორის ლიმონათები, ლაიმადები, ორანჟადები და ა.შ.) პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა.1
საქართველოში ნატურალური სიროფებისა და სუფთა წყაროს წყლისგან დამზადებული ლიმონათები პოპულარული კერძებისა და საჭმელების გვერდით ძირითად სასმელად იქცა (დღესასწაულებზე თუ სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში). აქ ლიმონათის წარმოება დაიწყო გამოცდილი ფარმაცევტის მიტროფანე ლაღიძის მუშაობით, რომელიც ხილითა და არომატული ბალახებით ექსპერიმენტებს ატარებდა. 1887 წლისთვის მან მოახერხა სასმელის შექმნა, რომელმაც სწრაფად მიიპყრო ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება.2 ეს სასმელი იყო „ლაღიძის წყლები“ და დაფუძნებული იყო მინერალურ წყლებზე და ნატურალურ სიროფებზე, რამაც ხელი შეუწყო მას პოპულარულ გამაგრილებელ სასმელად ჩამოყალიბებაში. ამის წყალობით მიტროფანე ლაღიძე ცნობილი გახდა თავისი გამოგონებითა და პროდუქციით, 2014 წელს „ლაღიძის წყლები“ თავისი ტექნოლოგიითა და კულტურით იუნესკოს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.3
დღესდღეობით, ლაღიძის შთამომავლები აწარმოებენ სასმელს სახელწოდებით “მიტროფანე ლაღიძე 1887” და ამაყობენ, რომ ლიმონათის რეცეპტი კარგად შენახული საიდუმლოა. ამ პროდუქტის სახეობები შეიცავს სამ ძირითად არომატს: ტარხუნის, ლიმონის და მსხლის. მიუხედავად იმისა, რომ გამაგრილებელი სასმელების მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა “ნატახტარი”, “ზედაზენი”, “ზანდუკელი” ან “Georgia`s Natural” ყიდიან თავიანთ სასმელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, მცირე კომპანიების მიერ წარმოებული ლიმონათები ძირითადად ადგილობრივ ბაზრებზე იყიდება.
საქართველოში გამაგრილებელი სასმელების ექსპორტი 2019 წლიდან 2022 წლამდე სტაბილურად იზრდებოდა და წელიწადში 46 მლნ ლიტრიდან გაიზარდა 122,8 მლნ ლიტრამდე წელიწადში.4 მოსალოდნელია, რომ უალკოჰოლო სასმელებიდან მიღებული წლიური შემოსავალი 2023 წელს მიაღწევს 297,7 მლნ ევროს, ხოლო ბაზრის წლიური ზრდა – 5,66%-ს (CAGR 2023-2027). შედეგად, გამაგრილებელი სასმელების ადგილობრივ მწარმოებლებს ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები უჩნდებათ, რადგან ისინი მუშაობენ წარმოების გაზრდაზე, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და გეგმავენ ახალ პროდუქტებში ინვესტირებას, რათა მიიღონ სარგებელი მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში.
ეს ასევე ეხება ლიმონათის მწარმოებელს თელავიდან, კახეთიდან – შპს „ნექტარს“. აწარმოებს რა წლიურად 5500 ტონამდე ლიმონათს, „ნექტარი“ თავის პროდუქციას ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე ყიდის. კომპანია ამჟამად აწარმოებს რვა სახეობის ლიმონათს და უახლოეს მომავალში გეგმავს ამ ასორტიმენტის გაფართოებას. ლიმონათი ჩამოსხმულია 0,5 ლიტრიან, 1-ლიტრიან და 2-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში. წარმოების ციკლი იწყება ნედლეულის საწყობში განთავსებით. ეს ნედლეული შეიცავს სხვადასხვა ინგრედიენტებს (როგორიცაა არომატიზატორები, საღებავები, შაქარი ან სხვა დამატკბობლები, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი და ნახშირორჟანგი). წყლის დამატებით მზადდება სიროფი და შემდეგ კიდევ ურევენ წყალს გამაგრილებელი სასმელის წარმოქმნით. წყალი ასევე გამოიყენება PET- ბოთლების ფორმირებისათვის. შემდეგ ლიმონათი გადადის პასტერიზაციის განყოფილებაში, სადაც მზადდება ჩამოსასხმელად. ჩამოსხმა ხდება წინასწარ მომზადებულ სუფთა ბოთლებში. ამის შემდეგ საჭიროა ნახშირორჟანგის ჩატუმბვა გაზიფიკაციისთვის. ჩატუმბული ბოთლები იხუფება თავსახურით და მზადდება შესაფუთად, საბოლოო პროდუქტი ინახება საწყობში და ხარისხდება სადისტრიბუციოდ.
ლიმონათის წარმოების გარდა, კომპანია ასევე აწარმოებს ერთჯერად პლასტმასის ჭურჭელს გრანულირებული პლასტიკის გამოყენებით. ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შესაფუთი მასალების წარმოების ციკლისთვის გრანულები ცხელდება დნობის ტემპერატურამდე ელექტრო გამათბობლების გამოყენებით. აქ ტემპერატურა ცვალებადია, რაც დამოკიდებულია წარმოების ტიპზე. შემდეგ დოლურაზე ახვევენ გამდნარი გრანულების თხელ ფენას. ეს წარმოქმნის პლასტმასის ფირებს, რომლებიც გამოიყენება ლანგრების, პარკებისა და ჭიქების დასამზადებლად. შემდეგ ჩამოჭრილი ნარჩენები გადადის დამქუცმაცებელში, რომელიც კიდევ ერთხელ ახდენს მათ გრანულაციას. დაქუცმაცებული ფირის გრანულები ხელახლა გამოიყენება იმავე პლასტიკური ფირის წარმოებისთვის. ამგვარად, არსებული ტექნოლოგიური ციკლის მიხედვით, საწარმო მთლიანად იყენებს ნედლეულს ნარჩენების წარმოქმნის გარეშე.
უახლოეს მომავალში კომპანია მიზნად ისახავს საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას და ახალ ბაზრებზე შესვლას. წარმოების ოპტიმიზაციის აუცილებლობამ, ისევე როგორც ენერგიის მოხმარების შემცირების სურვილმა შეუქმნა მოტივაცია შპს „ნექტარს“ შეერთებოდა UNIDO რესურსების ეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) სადემონსტრაციო პროექტს EU4Environment პროგრამის ფარგლებში. ელექტროენერგიის მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული წლიური ხარჯების შესამცირებლად კომპანიას მიეცა რეკომენდაცია ქსელთან დაკავშირებული 540 კვტ სიმძლავრის ფოტოელექტრული (PV) სადგურის დასამონტაჟებლად. „ნექტარმა“ ეს ღონისძიება განახორციელა 2021 წელს, 1,2 მლნ ლარის (314,630 ევრო) ინვესტიციით.5 ახლა მზის სადგური გამოიმუშავებს 693,474 კვტ.სთ ელექტროენერგიას წელიწადში, რაც აღემატება კომპანიის მიმდინარე მოხმარებას (473,390 კვტ.სთ წელიწადში). წლიურმა ფინანსურმა დანაზოგმა 145,700 ლარი (38,201 ევრო) შეადგინა, ხოლო CO2-ექ. წლიური ემისიები 47 ტონამდე შემცირდა.
მიუხედავად ამისა, კომპანიისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ენერგიის მაღალი მოხმარება პლასტმასის გრანულების გაცხელების ან დნობის დროს. პლასტიკური ფირის წარმოებისთვის გამოყენებული მექანიკური სისტემა უნდა გახდეს უფრო ენერგოეფექტური და უნდა მოხდეს წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია.
ამ შემთხვევაში, რესწ-ის შეფასებამ რეკომენდაცია გაუწია ღონისძიებას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში გაზრდის ენერგოეფექტურობას, შეამცირებს ენერგიის წლიურ ხარჯებს და კიდევ უფრო შეამცირებს CO2-ექ. ემისიებს. ეს რეკომენდაცია ითვალისწინებს PP (პოლიპროპილენის) გრანულების წინასწარი შეთბობის სისტემის დამონტაჟებას, რომელიც იმუშავებს ბუნებრივ აირზე, როგორც გათბობის საერთო წყაროზე, ან, უფრო მეტიც, გათბობის ჰიბრიდული სისტემის დაყენებას.
პირველი ვარიანტის განსახორციელებლად კომპანიას დაახლოებით 6,000 ლარი (1,570 ევრო) დასჭირდება. ეს გამოიწვევს პოლიპროპილენის გრანულების დნობისთვის წლიური ენერგიის ხარჯების დაახლოებით ნახევრის დაზოგვას, რადგან ბუნებრივი აირი უფრო იაფია, ვიდრე ელექტროენერგია. ღონისძიების მარტივი უკუგების პერიოდი იქნება 1.3 წელი. თუმცა, იმის გამო, რომ ბუნებრივი აირის ქვაბი ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ელექტროგამათბობელი (ელექტროგამათბობლის მწარმოებლურობის მხოლოდ 90%), არ არის რაიმე სარგებელი CO2– ექ. ემისიის შემცირების ან ენერგიის მთლიანი მოხმარების შემცირების თვალსაზრისით.
მეორე ვარიანტის განსახორციელებლად კომპანიას დაახლოებით 62,300 ლარის (დაახლ. 16,335 ევრო) ინვესტიცია დასჭირდება. რეკომენდებული ღონისძიება გამოიწვევს პოლიპროპილენის გრანულების დნობისთვის მოხმარებული ენერგიის ხარჯების 91%-ით შემცირებას. ღონისძიების უკუგების პერიოდი იქნება 6,5 წელი და ფინანსური სარგებლის გარდა, შემოთავაზებულმა ღონისძიებამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის წლიური მოთხოვნის შემცირება (14,175 კვტ.სთ/წელი ან 1,624 მ3 ბუნებრივი აირი) და CO2-ექ. ემისიების შემცირება (დაახლოებით 2,9 ტონა წელიწადში).
1 Wolf, A., Bray, G.A. and Popkin, B.M., 2008. A short history of beverages and how our body treats them. Obesity reviews, 9(2), pp.151-164.
2 https://madloba.info/en/blog/pro-gruziyu/gruzinskaya-kuhnya/luchshij-gruzinskij-limonad/
4 https://www.geostat.ge/en/modules/categories/297/food-security
5 ევრო/ლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2021 წლისთვის – 3.8140 წყარო https://www.geostat.ge/en/modules/categories/92/monetary- statistics